რა არის მედიაფსიქოლოგია?

მოქმედებს თუ არა მედია ჩვენს ქცევაზე? რა თქმა უნდა, მოქმედებს. ოღონდ ეს არ ეხება მხოლოდ ტრადიციულ მედიას (ტელევიზიას, რადიოს და ბეჭდურ მედიას). ჩვენ გვაქვს მობილური ტელეფონები, აპლიკაციები, ვუსმენთ მუსიკას იქ, სადაც ამას მოვისურვებთ, ვიღებთ და ვაზიარებთ ინფორმაციას, სხვადასხვა განწყობას სოციალურ ქსელებში. ამას ემატება ვირტუალური აუდიტორიები, სადაც ინტერნეტ-განათლების მიღებაა შესაძლებელი, რეკლამები, თამაშები და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ იხატება ჩვენი და სხვისი ვირტუალური ნაფეხურები და იდენტობა მედიაში.


ადამიანის ქცევაზე ახალი ტექნოლოგიების და მედიის ზეგავლენას მეცნიერები გასული საუკუნიდან დაინტერესდნენ. 1980 წელს APA-ს (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის) მიერ დაარსდა მედია ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, რასაც მოჰყვა მედია ფსიქოლოგიის სამეცნიერო ჟურნალების დაარსება და ინტერდისციპლინური კვლევების ამ კუთხით განვითარება. ევროპელი და ამერიკელი მკვლევების განმარტებით, დღესდღეისობით, მედიაფსიქოლოგია იკვლევს მედია ეფექტებს (ანუ, ზეგავლენას) და იმას, თუ როგორ, რატომ, ვის მიერ და როდისაა მედია და მესიჯები გამოყენებული. ასევე იმას, თუ რა გარემოებებში არის კონკრეტული ეფექტი მიღწეული, რა როლს თამაშობს გართობის ფუნქცია და როგორია ემოციების როლი მესიჯების დამუშავებაში (კონიჯნი, 2013; კონიჯნი და ჰორნი, 2005; კონიჯნი და სხვები, 2009; კრამერი და სხვები, 2005; ლანგი, 2000; ნაბი, 2009; ზილმანი, 2003).

სპეციალისტები ასევე დაინტერესდნენ მედიაში პროფესია-ფსიქოლოგის და ფსიქოლოგიაში ახალი ცოდნის პოპულარიზაციის საკითხებით. დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ეთიკური ნორმების დაცვით უნდა გავრცელდეს ინფორმაცია ფსიქოლოგიის და ფსიქოლოგების შესახებ. მედიაფსიქოლოგია ამ საკითხებითაც ინტერესდება.

მედიაფსიქოლოგები კარგი კომუნიკატორები და დეველოპერები არიან. ისინი ეხმარებიან სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენებაში და კომუნიკაციების ეფექტიანად წარმართვაში.

ის, რომ ადამიანის ქცევაზე მედია და ახალი ტექნოლოგიები ზეგავლენას ახდენს, გასულ საუკუნეში კვლევებით უკვე დადასტურდა. თუმცა, ყოველი ახალი ტექნოლოგიის გამოჩენა – მედიაფსიქოლოგიით დაინტერესებულ მეცნიერებს ახალ კითხვებს და თავსატეხს უჩენს.

როდის ხდება მედია “ყოვლისშემძლე”?

ევროპასა და ამერიკაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ისტორიულად, ყოველ ჯერზე, ახალი ტექნოლოგიების და მედიის (რადიოს, ტელევიზიის, ინტერნეტის, სოციალური ქსელების) დამკვიდრებასთან ერთად, აქტუალური ხდებოდა ადამიანის ქცევაზე მედიის ზეგავლენის შესწავლა. ასე იყო ჯერ კიდევ 60-იან წლებში (ეს მედიაეფექტების კვლევის პირველი ფაზაა) მედიის ყოვლისშემძლეობის (all-powerful media) თეორიას (ბაუერი და ბაუერი, 1960) იკვლევენ. ეს თეორია გულისხმობს, რომ ადამიანები ახალი მედიასაშუალების დაბადებასთან ერთად, ყოველ ჯერზე იჯერებენ მედიის და ტექნოლოგიების “ყოვლისშემძლეობას”. ასე იყო რადიოსთან, ტელევიზიასთან, ინტერნეტთან, სოციალურ მედიასთან, სოციალურ ქსელებთან და ახლა უკვე მობილურ ჟურნალისტიკასთან მიმართებით. გარკვეული დროის მერე, როგორც წესი, ადამიანი ეჩვევა მედიის ამა თუ იმ სახეობას, ითვისებს ტექნოლოგიებს და მის ძლევამოსილებაზე მითიც ფერმკრთალდება. ოღონდ, ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების გამოჩენისთანავე – ყველაფერი თავიდან იწყება.

მედიაფსიქოლოგია საქართველოში

მედია ფსიქოლოგიით დაინტერესება საქართველოში ახლახან დაიწყო. 2017 წელს შეიქმნა პირველი სამაგისტრო პროგრამა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელწოდებით „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“, რომლის მიზანია შეისწავლოს მედიის და ფსიქოლოგიის როლი საზოგადოების და კულტურის ტრანსფორმაციის საქმეში; დააკვირდეს ადამიანების მედიასთან ინტერაქციის პროცესს და ახალი ტექნოლოგიების ზეგავლენას ადამიანის ქცევაზე; შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები მედიაში პოზიციონირებისთვის და ხელი შეუწყოს მედიაფსიქოლოგიის პოპულარიზაციას.

საქართველოში, რომელიც ჰიბრიდული ომის პირობებში იმყოფება, მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა მედია ფსიქოლოგიის წიგნიერების კუთხით. სასურველია აუდიტორია მეტად აცნობიერებდეს მედიით ფსიქოლოგიური მანიპულაციის შესაძებლობებს, საინფორმაციო ნაკადში არჩევდეს ფაბრიკაციებს (მოგონილ ამბებს), კრიტიკულად აფასებდეს მედიას და მის შესაძლო ზეგავლენას. მედიაფსიქოლოგიის განვითარებით ჩვენ უკეთ გვეცოდინება რა ინგრედიენდებისგან შედგება მედია და რით ვიკვებებით ყოველდღე. ჯანმრთელი მედია გარემო კი ჩვენს ჯანსაღ, მენტალურ და ემოციურ განვითარებასაც მიეხმარება.

ავტორი: მარიამ გერსამია, პროფესორი (თსუ), APA-ს (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის) მედიაფსიქოლოგიის და ტექნოლოგიების საზოგადოების წევრი

 

ავტორი: mediapsychologyonline

საგანმანათლებლო ბლოგი მედიაფსიქოლოგიის შესახებ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: